Monday, June 11, 2012

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ინდოეთში 2008 წლის მონაცემებით ინდოეთში 27 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აგრას ციხე-სიმაგრე, ასევე ლალ-ქილა, აგრა-ფორტი, ფორტ-რუჟი (წითელი ციხე) — გალავნიანი სამეფო ქალაქი აგრაში, ინდოეთი, თაჯ-მაჰალიდან ორ-ნახევარ კილომეტრში. აჯანტა - კლდეში გამოკვეთილი ბუდისტური მონასტერი მაჰარაშტრას შტატში, ინდოეთი. შედგება 29 ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულისაგან. ბუდისტი ბერების საცხოვრებელი იყოფა ორ ძირითად ტიპად: ჩაიტია (სამლოცველო დარბაზი) და ვიჰარა (კვადრატული დარბაზები, რომელშიც სამი მხრიდან შემოწყობილია ბუდას სხვადასხვა ზომის გამოსახულებები). ელორას გამოქვაბული — გამოქვაბულების კომპლექსი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში, ქალაქ აურანგაბადიდან 30 კილომეტრის დაშორებით. 1983 წლიდან გამოქვაბულების სისტემა და მრავალრიცხოვანი ციხე-დარბაზები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[1]. გამოქვაბულის დაარსება თარიღდება დაახლოებით VI-IX საუკუნეებით. ელორის 34 გამოქვაბულიდან 12 სამხრეთით მდებარე — ბუდისტურია, 17 ცენტრალური - ინდუისტებს ეკუთვნით, 5 ჩრდილოეთით მდებარე კი — ჯანაიზმს. თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; „სასახლე-გვირგვინი“) — მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი. თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია. მაჰაბალიპურამი-(ჰინდი மகாபலிபுர) ქალაქი კორომანდელის სანაპიროზე ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მოსახლეობა შეადგენს 12,000 ადამიანს(2001). ქალაქი წარმოიშვა ძვ. წ. VII საუკუნეში, როგორც მთავარი პორტი პალავას სამეფოსი. პალავას სამეფოს ეპოქიდან შემონახულია მრავალფეროვანი მონუმენტური ქანდაკებები და არქიტექტურული ძეგლები მდიდარი ბუდისტური მოტივებით: სანაპიროს ტაძარი-2001 წელს დაინგრა დიდი ცუნამის დროს, შემდგომში აღადგენილი იქნა. პატარა კლდის ტაძარი. გიგანტური ბარელიეფი- გამოსახულია არჯუნის მონანიება და განგის ზეციდან დაშვება. პანჩა რატას ტაძარი. კონარაკეს მზის ტაძარი (ინგლ. Konark Sun Temple, ჰინ. कोणार्क सूर्य मंदिर) – XIII საუკუნის ძეგლი ქალაქ კონარაკეში, ბენგალის ყურესთან ახლოს ორისას შტატის ტერიტორიაზე. ტაძარი აგებულია XIII საუკუნეში მეფე ნარასიმხ I-ს მმართველობის დროს ბენგალის ყურის სანაპიროზე (7 საუკუნის განმავლობაში ზღვამ უკან დაიხია და ტაძარი აღმოჩნდა სანაპიროსგან 3 კილომეტრით დაშორებული). 1984 წელს კონარაკეს მზის ტაძარი შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. კაზირანგის ეროვნული პარკი (ჰინდიকাজিৰঙা ৰাষ্ট্ৰীয় উদ্যান) – ეროვნული პარკი ინდოეთში, ასამის შტატში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი 1985 წლიდან. პარკი დაარსებულია 1905 წელს, მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბარონესა მერი კერზონმა, ინდოეთის ვიცე-მეფის ჯორჯ კერზონის ცოლმა. პარკის ფართობი შეადგენს 42,996 ჰექტარს. პარკში არის ულამაზესი ტროპიკული ტყეები. მსოფლიო ცნობადობა პარკს მოუტანა იმან, რომ აქ არის ყველაზე დიდი მუდმივი დასახლება ერთრქიანი მარტორქების, პარკის ტერიტორიაზე ასევე ბინადრობს ვეფხვი, სპილო, ტუჩა დათვი, ბენგალური კატა, გაური და მრავალი სხვა ველური ცხოველები. მთლიანად პარკში არის 30 სახეობაზე მეტი ძუძუმწოვარი, რომელთაგან 15 შეტანილია წითელი წიგნში. კეოლადეოს ეროვნული პარკი, ცნობილი როგორც ბჰარადპურის ფრინველთა ნაკრძალი — ეროვნული პარკი და ფრინველთა ცნობილი ნაკრძალი ინდოეთის რაჯასტანის შტატის ქალაქ ბჰარადპურის სიახლოვეს. ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია ფრინველთა ათასობით უიშვიათესი და საფრთხიე ქვეშ მყოფი სახეობა, მათ შორის ციმბირული წერო, რომელიც აქ ზამთრის სეზონის განმავლობაში მოფრინავს. ფრინველთა 230 სახეობისთვის კი პარკი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს. პარკი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, მას ხშირად სტუმრობენ ორნითოლოგისტები. 1971 წელს ტერიტორიას მიენიჭა ნაკრძალის სტატუსი, ხოლო 1985 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მანასის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ჰიმალაის მთისწინეთში, ინდოეთის ასამის შტატში, ბჰუტანის საზღვართან. მისი ფართობია 950 კმ². ბჰუტანის მხარეს ესაზღვრება როიალ-მანასის ეროვნული პარკი. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მაიმუნის უიშვიათესი სახეობა ლანგური და ვეფხვების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქ არსებული ვეთლენდები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გაუჩინარების პირას მყოფი ისეთი სახეობებისთვის, როგორებიცაა ეკლიანი კურდღელი და ჯუჯა ღორი. პარკში ასევე ბინადრობენ: ინდური მარტორქა, გარეული ხარი, სპილო, გაური (ინდური ბიზონი), ზოლებიანი ლეოპარდი, ჭაობის ირემი. ტემპერატურის წლიური მაჩვენებელი მერყეობს 15 °C - 37 °C -ს შორის. 1985 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, მაგრამ 1992 წელს, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა. ძველი გოა- ქალაქი ინდოეთში გოას შტატში, ადრე იყო პორტუგალიური ინდოეთის დედაქალაქი. 1985 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ფატეჰპურ-სიკრი (ჰინ. फतेहपूर सिकरी, ინგლ. Fatehpur Sikri, ურდუ: فتحپور سیکری‎‎) — ქალაქი ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში. ადრე აკბარ I-ს მმართველობის დროს 1571-1585 წლებში მოგოლთა იმპერიის დედაქალაქი იყო, შემდეგ დაკარგა დედაქალაქის სტატუსი წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო. 1986 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ჰამპი (კანად. ಹಂಪೆ) – სოფელი ინდოეთის კარნატაკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ვიჯაიანაგარის იმპერიის დედაქალაქის, ვიჯაიანაგარის ნანგრევების შიგნით, თანამედროევ ქალაქ ჰოსპეტიდან 11 კმ–ში. ტერიტორია დღეისათვის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს, აქ მდებარეობს ვირუპაკშას ტაძარი, ისევე როგორც ძველი ქალაქის სხვა მონუმენტები. იმის გამო, რომ სოფელი ძველი, ყოფილი ქალაქი ვიჯაიანაგარის ცენტრში მდებარეობს, მას ხშირად აიგივებენ აღნიშნულ დანგრეულ ქალაქთან. 1986 წელს, იუნესკომ ნანგრევები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა სახელით "ჰამპის მონუმენტთა ჯგუფი". ქაჯურაჰო (ჰინდი: खजुराहो khajurāho) — ქალაქი მადჰია-პრადეშში, ინდოეთი. ახ. წ. X საუკუნეში ქაჯურაჰოში აშენდა ინდუისტური ღვთაებათა ეროტიული გამოსახულებებით შემკული 80-მდე ტაძარი. დღესდღეობით შენარჩუნებულია დაახ. 20 მათგანი. ელეფანტის გამოქვაბულები (მარათჰ. घारापुरीची लेणी) — გამოქვაბულთა კომპლექსი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში. მდებარეობს მუმბაის უბეში, კუნძულ ელეფანტაზე, ქალაქ მუმბაიდან 10 კმ-ით აღმოსავლეთით. გამოქვაბულთა კომპლექსი შედგება ორი ჯგუფისაგან - პირველი, ინდუისტური ხუთი გამოქვაბულისგან შემგარი დიდი ჯგუფი და მეორე, ბუდისტური ორი გამოქვაბულისგან შმედგარი პატარა ჯგუფი. ინდუისტურ გამოქვაბულებში განლაგებულია ქვის ქანდაკებები, რომლებიც ღმერთ შივას სადიდებლადაა შექმნილი და ინდუიზმის ერთ-ერთ სექტას - შივაიზმს ეკუთვნის.[1][2] ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები სავარაუდოდ ახ. წ. V-VIII საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა მათი შექმნის თარიღი დღემდე საკამათოა. გამოქვაბულები ბაზალტურ კლდეშია გამოთხრილი. ერთ დროს ყველა მათგანი მოხატული ყოფილა, მაგრამ დღეს მისი მხოლოდ ნაკვალევებიღაა შემორჩენილი. კუნძულს ადგილობრივები ჩარაპურის იწოდებდნენ და წარმოადგენდა ინდუიზმისათვის წმინდა ადგილს, სანამ აქ 1534 წელს პორტუგალიელები არ მოვიდნენ. პორტუგალიელებმა კუნძულს ელეფანტა (სპილო) უწოდეს, როდესაც გიგანტური, სპილოსთავიანი ქანდაკება დაინახეს. ეს ქანდაკება ამჟამად მუმბაის უელსის პრინცის მუზეუმში ინახება. მრავალწლიანი უყურადღებობის შემდეგ, 1970-იან წლებში გამოქვაბულებს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, ხოლო უკვე 1987 წელს ისინი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ჩოლის მონასტერი – ინდუისტური ტაძარი სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მიეკუთვნება ჩოლის დინასტიის მმართველობის პერიოდს. ჩოლის მონასტრების შემადგენლობაში შედის სამი ძეგლი: ბრიჰადიშვარას ტაძარი, განგაიკონდა-ჩოლაპურამი და აირავატეშვარის ტაძარი. ბრიჰადიშვარას ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში გაწევრიანდა 1987 წელს, ხოლო დანარჩენი ორი ტაძარი 2004 წელს. პატადაკალი (კანად. ಪಟ್ಟದ್ಕಲ್ಲು) — სოფელი ინდოეთის კარნატაკის შტატში. მდებარეობს მდინარე მალაპრაბჰას სანაპიროზე, ქალაქ ბადამიდან 22 კმ–ში. ცნობილია თავისი ისტორიული ტაძრებით. ტაძრების VIII საუკუნის კომლპექსი ინდუიზმის ვერსალას სტილის არქიტექტურის ყველაზე ძველ მაგალითს წარმოადგენს. 1987 წელს ისინი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. პატადაკალი სამხრეთ ინდოეთის ჩალუკიის დინასტიის დედაქალაქს წარმოადგენდა, სადაც ტაძრების ეს კომპლექსი ახ.წ. VII-VIII საუკუნეებში აშენდა. სულ ათი ტაძარია, რომლებიც შემოსაზღვრულია მრავალი პატარა შენობითა და სალოცავებით. სუნდარბანის ეროვნული პარკი (ბენგალ. সুন্দরবন জাতীয় উদ্যান)— ეროვნული პარკი, ვეფხვების ნაკრძალი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბიოსფერული ნაკრძალი ინდოეთში. მდებარეობს სუნდარბანსის დელტაში, ბენგალის შტატში. ეს ტერიტორია მანგროს ხშირი ტყეებითაა დაფარული და ბენგალური ვეფხვების გავრცელების ერთ-ერთ უდიდეს არეალს წარმოადგენს. ასევე გავრცელებულია მრავალი სახეობის ფრინველი, რეპტილია და უხერხემლო, ასევე მლაშე წყლის ნიანგი. 1991 წელს, ეს ტერიტორია აღწერეს როგორც უკაცრიელი ქვეყანა, რომელიც მანამდე არავის ენახა. იმ დროსიათვის იგი მოიცავდა 16 902 კმ²-ს და გადაჭიმული იყო 266 კმ სიგრძეზე. დღევანდელი ეროვნული პარკი 1977 წელს ველური ბუნების ნაკრძალად გამოცხადდა, 1984 ეროვნულ პარკად, 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, ხოლო 1989 წელს ბიოსფერულ ნაკრძალად. ნანდა-დევის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში. მდებარეობს მწვერვალ ნანდა-დევის (7 817 მ) გარშემო, ზღვის დონიდან 3 500 მეტრზე. მისი ფართობი შეადგენს 630.33 კმ²-ს. პარკი შეიქმნა 1982 წელს, ხოლო 1988 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პარკი გარს ერტყმის ნანდა-დევის ნაკრძალს, მყინვარულ აუზს, რომელიც მოიცავს 6.000 მეტრზე მეტი სიმაღლის მწვერვალების მასივს. იუნესკოს სიაში შესულია მსი ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ყვავილების ხეობის ეროვნულ პარკთან ერთად, რომელიც ამ სიას 2005 წელს დაემატა. პარკის ტერიტორია დაუსახლებელია. ნაკრძალში დაცულია ლურჯი ცხვარი, თოვლის ლეოპარდი, შავი დათვი და ფრინველის ზოგიერთი სახეობა. ალპურ ზონაში გავრცელებულია მცენარეთა ენდემური სახეობები. პარკის მეორე ნაწილი გამოირჩევა მყინვარებით. სანჩი - სოფელი ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში, შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბჰოპალიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 46 კმ-ზე, სადაც დაცულია ბუდიზმამდელი არქიტექტურის ცნობილი კომპლექსი - მონასტრები, ტაძრები, სტუპები. სანჩის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მსოფლიოში პირველი სტუპა. იგი ააშენეს იმპერატორ აშოკას ბრძანებით ძვ. წ. III საუკუნეში. 1989 წელს მთელი კომპლექსი შეიყვანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ჰუმაუნის აკლდამა (ჰინდ. हुमायूँ का मक़बरा) — მოგოლთა იმპერატორის, ჰუმაუნის მავზოლეუმი ინდოეთის დედაქალაქ დელიში, რომელიც მისმა ცოლმა ააგებინა. მშენებლობა 1562 წელს დაიწყო და 8 წელს გასტანა. ნაგებობის არქიტექორი იყო სპარსი მირაკ მირზა. მავზოლეუმი ინდოეთის სუბკონტინეტნზე აშენებულ პირველ ბაღ–აკლდამას წარმოადგენს, ასევე პირველი ნაგებობაა ამ რეგიონში, რომელიც ქვიშაქვითაა მოპირკეთებული. განიცდის სამარყანდის თემურ ლენგის მავზოელუმის სტილის ძლიერ გავლენას. 1993 წელს, იუნესკომ ჰუმაუნის მავზოლეუმი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. კუტბ-მინარი, კუტუბ-მინარი, კუტაბ-მინარი (ჰინ. क़ुतुब मीनार) – მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთი. აშენებულია დელის სასულთნოს მმართველების რამდენიმე თაობის მიერ. მინარეთის სიმაღლეა 72,6 მეტრი და წარმოადგენს შუა საუკუნეების ინდურ-ისლამური არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს. 1993 წელს კუტბ-მინარი შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ინდოეთის მთის რკინიგზა — ასე ეწოდება ინდოეთის მთებში გამავალ ხუთ სარკინიგზო ხაზს, რომელიც ამ ქვეყანაში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დროს აიგო და დღემდე მოქმედებს. შედგება სამი ნაწილისგან: დარჯილინგ-ჰიმალაის რკინიგზა, ნილგირის სამთო რიკინიგზა, კალკა-შიმლას რკინიგზა. იუნესკომ აღნიშნული ხაზები ცალ-ცალკე, 1999, 2005 და 2008 წლებში შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „შესანიშნავი მაგალითი მთიან რეგიონში პრობლემის მოგვარების ტექნოლოგიურად გადაწყვეტისა“. მაჰაბოდჰი (महाबोधि मंदिर) — ბუდისტური ტაძარი ბოდჰ-გაიაში, იქ, სადაც სიდჰართა გაუტამამ მიაღწია გაბრწყინებას და გახდა ბუდა. ბოდჰ-გაია მდებარეობს ინდოეთის ბიჰარის შტატის დედაქალაქ პანტიდან 96 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი ასევე მოიცავს ბოდჰის წმინდა ხეებს, რომლების ქვეშაც გაბრწყინდა ბუდა. ბუდას სიკვდილიდან 250 წლის შემდეგ, ბოდჰ-გაისა სწვევია მეფე აშოკა, რომელმაც აქ მაჰაბოდჰის მონასტერი დააფუძნა, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის I საუკუნეში, ქუშანის იმპერიის დროს აიგო. ინდოეთში ბუდიზმის დაკნინების პერიოდში, ტაძარი მივიწყებულ იქნა და მტვრისა და ნაგვის სქელი ფენით დაიფარა. XIX საუკუნეში, ბრიტანეთის კოლონიური რეჟიმისას, ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარა ბრიტანეთის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ, რის შედეგადაც, მან პირვანდელი ფორმა დაიბრუნა. 2002 წელს, იუნესკომ კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბჰიმბეტკა – არქეოლოგიური ადგილი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. ბჰიმბეტკის გამოქვაბულებში დადასტურებულია ინდოეთში ადამიანის ცხოვრების ყველაზე ადრეული ნაკვალევი. ანალიზის შედეგად ამ თავშესაფარში ადამიანი ცხოვრობდა დაახლოებით 100 000 წლის წინ. ჩამპანერ-პავაგადჰი – არქეოლოგიური პარკი ინდოეთში, გუჯარათის შტატში. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მაჰმადიანთა ქალაქი, რომელიც არ შეცვლილა მოგოლთა იმპერიის დროიდან. ეს ერთადერთი მსგავსი ობიექტია ინდოეთის ტერიტორიაზე, რომელმაც დღემდე მოაღწია. უნიკალური არქეოლოგიური ობიექტების კონცენტრაციის გამო (100-ზე მეტი ძეგლი) 2004 წელს ობიექტი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ჩჰატრაპატი შივაჯი (მარათ. छत्रपती शिवाजी टर्मिनस) ან ვიქტორიას სადგური[1] — ისტორიული სარკინიგზო სადგური ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ცენტრალური რკინიგზის მთავარ შტაბს. იგი ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სადგურია. სადგურის გეგმა 1887-1888 წლებში არქიტექტორმა ფრედერიკ უილიამ სტივენსმა შეადგინა. ამ სამუშაოში გასამრჯელოს სახით მან 35,830.8 აშშ დოლარი მიიღო.[2] საბოლოო გეგმა გარკვეულწილად დაემსგავსა ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურს. სადგურის მშენებლობამ ათ წელს გასტანა[3] და დასრულებისას, მას ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას საპატივსაცემოდ „ვიქტორიას სადგური" ეწოდა. 1996 წელს, ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა სადგურს სახელი შეუცვალა და ჩჰატრაპატი შივაჯი უწოდა. 2008 წლის 26 ნოემბერს, ორმა ტერორისტმა სადგურის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი განახორციელა, რასაც 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2004 წელს, იუნესკომ სადგური მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. წითელი ფორტი (ჰინ. लाल किला; «ლალ-კილა») — დელის, მოგოლების დიადი ეპოქის დროინდელი, ისტორიული ციტადელი. მშენებლობა დაიწყო შაჰ ჯახანის მიერ 1639 წლის 16 აპრილს. რომელმაც შაჰჯახანაბადში გადმოიტანა დედაქალაქი აგრიდან. მშენებლობა 1648 წელს დასრულდა, იმავე დრეს - 16 აპრილს პერიმეტრი შემოსაზღვრულია წითელი კედლით, რამაც განაპირობა ფორტის დასახელება, რომლის სიგრძეც 2500 მეტრია. კედლის სიმაღლე მერყეობს 16 მეტრამდე მდინარე იამუნას მხრიდან, ქალაქის მხრიდან კი 33 მეტრამდე. 1783 ციხესიმაგრეს დაეუფლნენ სიქები, 1857 წელს კი — სიპაები. ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის პრემიერ მინისტრი ციხესიმაგრის კედლებში კითხულობს მიმართვას ერისადმი. ჯანტარ-მანტარი — ობსერვატორია ინდოეთში. აგებულია 1727–1734 წლებში, რაჯასტანის რაჯას ჯაი სინგჰ II-ის მიერ ახლადდაარსებულ ქალაქ ჯაიპურში. ობსერვატორია ყველაზე დიდია მის მიერ აგებულ და დღემდე შემონახულ ობსერვატორიებს შორის. 1948 წელს ჯანტარ-მანტარი გამოცხადდა ეროვნულ ძეგლად, ხოლო 2010 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

No comments:

Post a Comment