Monday, June 11, 2012

ბოლივუდი

ბოლივუდი (ინგლ. Bollywood) — აშშ-ის კინემატოგრაფიის, ჰოლივუდის (Hollywood) ანალოგიაზე შექმნილი სახელწოდება, რომელიც ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღესდღეობით მუმბაი) კომერციულ კინემატოგრაფიას მიეცა. პირველად ჰოლივუდისა და ბომბეის ამ შეჯვარებული სახელწოდებით ბომბეის კინომატოგრაფია ერთ-ერთმა ინდოელმა კინოკრიტიკოსმა 1970-იან წლებში მონათლა, რითაც მან ბოლივუდის კომერციულ-გასართობი პოლიტიკა კალიფორნიულ ჰოლივუდს ცინიკურად შეადარა, მაგრამ ეს სახოლწოდება დამკვიდრდა და ინდური კინოს სინონიმად იქცა. ინდოელი პატრიოტები სახელწოდება „ბოლივუდის“ წინააღმდეგნი არიან, ვინაიდან მათი მოსაზრებით ინდურ ფილმებს ჰოლივუდთან საერთო არაფერი აქვთ. ყოველ წელიწადს ბოლივუდში დაახლოებით 250 ძირითადად გასართობი, უხარისხო, ნაჩქარევად გადაღებული კომერციული ფილმი კეთდება, რამაც ინდურ კინომატოგრაფიას, რომელიც არა მხოლოდ ბოლივუდია, მსოფლიოში სახელი გაუტეხა. ბოლივუდის ფილმებს აქვთ რამდენიმე დამახასიათებელი თავისებურება: მათი უმეტესობა მიუზიკლია — ფილმის სიუჟეტში ჩართულია მუსიკალური კლიპები (ზოგჯერ ათამდე), ორ სერიად გაყოფილი ფილმი დაახ. ოთხი საათი გრძელდება. თუმცა ფილმების სიუჟეტები სხვადასხვაგვარია, მათში გამოიყენება ინდური კლასიკური თეატრისთვის დამახასიათებელი თემები - სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლა, ავი დედამთილი და დაჩაგრული რძალი, ღარიბ და მდიდარ, მუსლიმან და ინდუისტ გმირთა შორის სიყვარულის გამარჯვება, ადამიანის ღირსების შეურაწმყოფელი ტრადიცების გადალახვა და კასტური სისტემის ბორკლითა დამსხვრევა და სხვა. ბოლივუდის პროდიუსერები მუშაობენ როგორც ინდოეთის, ასევე მთელი აზიისა და აფრიკის ფართო მასებისთვის და ქმნიან ე.წ. „კინოს მთელი ოჯახისთვის დიდიდან პატარამდე“, ამიტომ ეროტიული მომენტები, განსაკუთრებით ქალის და მამაკაცის პირზე კოცნა ფილმში ტაბუა. ამ მხრივ ოდნავ გაბედული ფილმები აზია-აფრიკის მუსლიმანი, ინდუისტი და ა.შ. მაყურებლის მკაცრ კრიტიკას აწყდება. ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზე არსებობს, ლამაზი, თეთრკაინიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, აგრეთვე თეთრ და შავკანიან მოსახლეობაში, შესაძლოა — უნებლიე, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რითაც იგი გამუდმებით დასავლეთის კინოკრიტიკის ნოტას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ბომბეის კინომატოგრაფიის წარმატებული ნიმუშები (მაგ. „დევდასი“) დუბლირებულია ევროპის ბევრ ენაზე და რეგულარულად გადაიცემა დასავლეთის ეთერში.

ინდური საქორწინო ტრადიციები

ინდური საქორწინო წესები თავისი ტრადიციულობით გამორჩევა – ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რიტუალები თითქმის იგივე დარჩა, როგორებიც ათასწლეულების წინ იყო. ქორწინების გადაწყვეტილება მთლიანადაა დამოკიდებული სასიძოს მშობლების გადაწყვეტილებაზე. ისინი ეძებენ შესაფერის საცოლეს თავიანთი ვაჟისთვის და მის მშობლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მომავალი საქორწინო კავშირის თაობაზე. გოგონას თითქმის არავინ არაფერს ეკითხება: ბოლოს და ბოლოს გოგონას მშობლებს შეუძლიათ უბრალოდ უბრძანონ მას გაჰყვეს ცოლად სრულიად უცნობ ახალგაზრდას და ის ვალდებულია დათანხმდეს. ეს საერთო წესებს რაც შეეხება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დასავლური ცივილური წესები არც ინდოეთისთვისაა უცხო, რაც საკუთარი თვალით ვიხილე კიდეც. 2007 წელს ინდოეთში ჩემი მოგზაურობის მთავარი მიზანი ინდოელი მეგობრების ქორწილზე დასწრება იყო, სადაც მთელი სულთა და გულით მიმიწვიეს. ჩემი მეგობრები ჯუჰი და ეშლი, რომელმაც ლამაზი ოჯახი შექმნეს, ქორწინებამდე 4 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ამის შესახებ მშვენივრად იცოდნენ ამ ახალგაზრდების მშობლებმა და როგორც ვიცი, განსაკუთრებული საწინააღმდეგო ამ თანაცხოვრების არც არაფერი ჰქონდათ. და როდესაც ეს ყველაფერი 6 დღიანი ქორწილით დასრულდა (3 დღე ქალაქ ალაჰაბადში, და 3 დღე მუმბაიში), ყველანი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როგორც გოგოს ნათესავები, ასევე ბიჭისაც. ყველაზე მეტად გადაქანცულებად კი თვითონ წყვილი გამოიყურებოდა ყველა მ გაუთავებელი ცერემონიების შემდეგ, რომლებიც ამ 6 დღის განმავლობაში ტარდებოდა. მოკლედ, ეს რაც კონკრეტულად ჩემს მეგობრებს შეეხებოდა, ახლა კი ისევ დაუბრუნდეთ ზოგად ტრადიციებს, რომლებიც განსაკუთრებული სიმძლავრით დაბალ კასტებში და პერიფერიებში იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდ ქალაქებში ვინმემ ამ ტრადიციებზე უარი თქვა. ქორწილის დღეს სასიძოს აკრძალული აქვს ჭამა თვით ქორწინების ცერემონიის დაწყებამდე, რომელიც, როგორც წესი დღის მეორე ნახევარში იწყება. სასიძოს სახლში ნათესავი გოგონები ცეკვავენ და მღერიან. შემდეგ ტარდება მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი – ყვითელი ფერის განდიდების ცერემონია, რომელიც ინდოეთში ასოცირდება მზესთან და ასევე ერთგულების სიმბოლოსაც წარმოადგენს. თავიდან ყველა დამსწრე შუბლზე ისვამს ყვითელ ფხვნილს და შემდეგ ერთმანეთსაც აყრიან ამ ფხვნილს. ამ ცერემონიის შემდეგ სასიძოს მამა საზეიმოდ წარმოთქვამს ამ ოჯახის გარდაცვლილი ნათესავების სახელებს, და თითქოს მათ მოუწოდებს გახდნენ მოწმეები და წინაპრებს გადასცენ, რომ მათი შთამომავალი ცოლს ირთავს. შემდეგ ცერემონიის ყველა მონაწილე საპატარძლოს სახლისკენ მიემართება, სადაც რიტუალი კვლავ მეორდება. საქორწინო ცერემონიის მთავარი ნაწილი, როგორც წესი საპატარძლოს ოჯახში იმართება საღამოსკენ, სადაც დათქმულ დროს სასიძო თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მიდის. ამ დროისთვის უკვე მომზადებულია მცირე ზომის სამლოცველო ადგილი, რომელიც სპეციალურად საქორწინო ცერემონიისთვისაა გაკეთებული. ეს სამლოცველო დაფარულია ტენტით, ოთხივე მხარეს ძელები მორთულია პალმებით და მთლიანად შემოსილია უამრავი ყვავილით, ძირითადად ყვითელი ფერის ყვავილებით. სასიძო დადგება სიპ ქვაზე და ელოდება, ვიდრე რამდენიმე ადამიანი ხის პალანკინით საპატარძლოს გამოიყვანს სახლიდან. საპატარძლო მდიდრულად მორთულ, ძირითადად ღაჟღაჟა წითელ ფერის სარითაა შემოსილი და უამრავი სამკაული უკეთია. პალანკინის მატარებელი ადამიანები სასიძოს შვიდჯერ შემოუვლიან, შემდეგ გაჩერდებიან და ახალგაზრდებს თხოვენ, რომ ერთმანეთს თვალებში შეხედონ. შემდეგ მთელი საქორწინო ცერემონია მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც სასულიერო პირი ლოცვებს კითხულობს და ახალგაზრდების ფიცის მოსმენის შემდეგ წყვილის ხელებს ძაფზე ასხმული ყვავილებით შეკრავს. ამ დროს სასიძო პატარძალს შუბლზე და თმის გამყოფ ხაზზე წითელ საღებავს უსვამს: ამიერიდან ისინი უკვე ცოლი და ქმარი არიან. შემდეგ ყველა მიემართება შენობაში ზეიმის გასაგრძელებლად, სადაც ცეკვები და სიმღერები იმართება. მხიარულება მთელ ღამეს გრძელდება, დილით ი სტუმრები ტოვებენ ახალგაზრდა პატარძლის ოჯახს და პატარძალი ქმრის სახლში მიჰყავთ, სადაც ახალგაზრდებს ასევე ელით საჩუქრები და დალოცვა. ამ დღეს არანაირი ცერემონიები არ ტარდება, ყველა ისვენებს. და მხოლოდ მეორე დღეს ქმრის ოჯახში იღებენ საჩუქრებით მოსულ პატარძლის ნათესავებს, რომლებსაც სუფრას უშლიან და გართობასაც უწყობენ. ყველა ინდურ უზრუნველყოფილ ოჯახში ქორწილი ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად პენჯაბში, ნიშნობასა და ქორწილის ცერემონიას შორის 1–2 დაძაბული თვეა. ამ დღეებში საპატარძლოს ოჯახი გამალებით აგროვებს ქალიშვილის მზითევს: უამრავ სარის ნებისმიერი ცხოვრებისეულ სიტუაციისთვის, სხვა ტანისამოსს, სამკაულებს, სამზარეულოს მოწყობილობას... ქორწილამდე 2 დღის განმავლობაში საპატარძლო შინიდან არსად გადის. სახლს ალამაზებენ ყვავილების გირლიანდებით და სხვადასხვაფერი ნათურებით. ბოლოს დგება ქორწილის დღე, რომელზეც თავს იყრის 700–800 სტუმარი. საპატარძლოს მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ისინი საკვებით და საცხოვრებლით. საპატარძლოს მაჯებსა და მკლავებზე ღაჟღაჟა წითელი ფერის სამაჯურები უკეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალიშვილი თხოვდება. ამ სამაჯურებს ის ქორწილის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში არ მოიხსნის. როგორც ყველა ნორმალურ ქალს, ინდოელ ქალებსაც ძალიან უყვართ, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მოგითხრობთ არა სამკაულებზე, სამაჯურებზე, შარფებზე და საყურეებზე, არამედ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილების ორნამენტებითა და ნახატებით მორთვაზე. ეს სულაც არ არის ტატუირება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ორნამენტია, რომლის დადებაც სხეულზე ჩვეულებრივი ინის საშუალებით ხდება. ამ ნახატებს ძირითადად კიდურებზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქორწილის ცერემონიების დროს. ინდური ფილმების ნახვისას არ გამოგეპარებათ სიუჟეტი, როცა საპატარძლო გოგონებისა და ქალების გარემოცვაში ზის, მათთვის ხელები აქვს გაწვდილი. ქალების ერთი ჯგუფი თავს დასტრიალებს საპატარძლოს და მისი სხეულის მორთვითაა დაკავებული, მეორე ნაწილი კი ამ თავყრილობის გართობას ცდილობს სიმღერებითა და ცეკვით. ეს ფილმებში... რაც უფრო მდიდრული, ნატიფი და მეტყველია შესრულებული ნახატი, ამით უფრო ლამაზად ითვლება ქორწილის დედოფალი და მასთან ცხოვრებაც უფრო მდიდრული იქნება არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ასეთი ნახატებს ქორწილის ცერემონიისთვის არა მარტო საპატარძლოს უკეთებენ, არამედ ახლობელ ქალებსაც და გოგონებსაც და ასევე სტუმრებსაც, რომლებიც საპატარძლოს სახლში ცერემონიაზე ჩადიან, რომ შემდეგ პატარძალი სასიძოს სახლში გადაიყვანონ. ასევე საკუთარი თვალით გავხდი იმის მოწმე, როგორ იხატავდნენ როგორც პატარძლის ოჯახის წევრი და ნათესავი ქალები ხელებს, ასევე სტუმრები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ სასტუმროში დაბინავებულნი, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ქალები.

სარი- ქალის ულამაზესი ტანისამოსი

ქალთა დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე დღეს თემა ქალბატონებისთვის დამეთმო და ინდოელი ქალის სამოსის შესახებ ორიოდე სიტყვით მოგითხროთ. ამ პოსტში მოგიყვებით სარი–ზე. სარი ქალის ტრადიციული სამოსია ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს, და ეს ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული. სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე გადაიკრავენ თავსაფრის სახით. ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო ერთი გარკვეული ადგილისთვის. სარის წარმოშობის ზუსტი ისტორიის აღწერა ალბათ რთული იქნება, მაგრამ როგორც სხვადასხვა წყაროები მოწმობენ, სამოსს მართლაც რომ უძველესი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. ყველაზე საეჭვოდ კი მაინც ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობა მიიჩნევა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ. ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვემოთ სურათებზე ამ ულამაზესი სამოსის რამდენიმე ნიმუშია წარმოდგენილი. როგორც მე მსმენია, ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში (ბენარეს), და იქ დამზადებული სარის ფასი ზოგჯერ 500 დოლარსაც შეადგენს და განსაკუთრებული შეკვეთებით კი ბევრჯერ მეტსაც. ვერაფერს იტყვი – ნამდვილი სილამაზეა. ეჭვი მაქვს, სურათებზე გამოჩენილი მოდელიორების მიერ შექმნილი სამოსია, და მათი ფასიც, შესაბამისად 500 დოლარზე გაცილებით მეტი იქნება, ალბათ თითოეული რამდენიმე ათასი დოლარიც ეღირება – გააჩნია გამოყენებულ მასალას.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ინდოეთში 2008 წლის მონაცემებით ინდოეთში 27 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აგრას ციხე-სიმაგრე, ასევე ლალ-ქილა, აგრა-ფორტი, ფორტ-რუჟი (წითელი ციხე) — გალავნიანი სამეფო ქალაქი აგრაში, ინდოეთი, თაჯ-მაჰალიდან ორ-ნახევარ კილომეტრში. აჯანტა - კლდეში გამოკვეთილი ბუდისტური მონასტერი მაჰარაშტრას შტატში, ინდოეთი. შედგება 29 ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულისაგან. ბუდისტი ბერების საცხოვრებელი იყოფა ორ ძირითად ტიპად: ჩაიტია (სამლოცველო დარბაზი) და ვიჰარა (კვადრატული დარბაზები, რომელშიც სამი მხრიდან შემოწყობილია ბუდას სხვადასხვა ზომის გამოსახულებები). ელორას გამოქვაბული — გამოქვაბულების კომპლექსი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში, ქალაქ აურანგაბადიდან 30 კილომეტრის დაშორებით. 1983 წლიდან გამოქვაბულების სისტემა და მრავალრიცხოვანი ციხე-დარბაზები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[1]. გამოქვაბულის დაარსება თარიღდება დაახლოებით VI-IX საუკუნეებით. ელორის 34 გამოქვაბულიდან 12 სამხრეთით მდებარე — ბუდისტურია, 17 ცენტრალური - ინდუისტებს ეკუთვნით, 5 ჩრდილოეთით მდებარე კი — ჯანაიზმს. თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; „სასახლე-გვირგვინი“) — მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი. თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია. მაჰაბალიპურამი-(ჰინდი மகாபலிபுர) ქალაქი კორომანდელის სანაპიროზე ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მოსახლეობა შეადგენს 12,000 ადამიანს(2001). ქალაქი წარმოიშვა ძვ. წ. VII საუკუნეში, როგორც მთავარი პორტი პალავას სამეფოსი. პალავას სამეფოს ეპოქიდან შემონახულია მრავალფეროვანი მონუმენტური ქანდაკებები და არქიტექტურული ძეგლები მდიდარი ბუდისტური მოტივებით: სანაპიროს ტაძარი-2001 წელს დაინგრა დიდი ცუნამის დროს, შემდგომში აღადგენილი იქნა. პატარა კლდის ტაძარი. გიგანტური ბარელიეფი- გამოსახულია არჯუნის მონანიება და განგის ზეციდან დაშვება. პანჩა რატას ტაძარი. კონარაკეს მზის ტაძარი (ინგლ. Konark Sun Temple, ჰინ. कोणार्क सूर्य मंदिर) – XIII საუკუნის ძეგლი ქალაქ კონარაკეში, ბენგალის ყურესთან ახლოს ორისას შტატის ტერიტორიაზე. ტაძარი აგებულია XIII საუკუნეში მეფე ნარასიმხ I-ს მმართველობის დროს ბენგალის ყურის სანაპიროზე (7 საუკუნის განმავლობაში ზღვამ უკან დაიხია და ტაძარი აღმოჩნდა სანაპიროსგან 3 კილომეტრით დაშორებული). 1984 წელს კონარაკეს მზის ტაძარი შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. კაზირანგის ეროვნული პარკი (ჰინდიকাজিৰঙা ৰাষ্ট্ৰীয় উদ্যান) – ეროვნული პარკი ინდოეთში, ასამის შტატში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი 1985 წლიდან. პარკი დაარსებულია 1905 წელს, მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბარონესა მერი კერზონმა, ინდოეთის ვიცე-მეფის ჯორჯ კერზონის ცოლმა. პარკის ფართობი შეადგენს 42,996 ჰექტარს. პარკში არის ულამაზესი ტროპიკული ტყეები. მსოფლიო ცნობადობა პარკს მოუტანა იმან, რომ აქ არის ყველაზე დიდი მუდმივი დასახლება ერთრქიანი მარტორქების, პარკის ტერიტორიაზე ასევე ბინადრობს ვეფხვი, სპილო, ტუჩა დათვი, ბენგალური კატა, გაური და მრავალი სხვა ველური ცხოველები. მთლიანად პარკში არის 30 სახეობაზე მეტი ძუძუმწოვარი, რომელთაგან 15 შეტანილია წითელი წიგნში. კეოლადეოს ეროვნული პარკი, ცნობილი როგორც ბჰარადპურის ფრინველთა ნაკრძალი — ეროვნული პარკი და ფრინველთა ცნობილი ნაკრძალი ინდოეთის რაჯასტანის შტატის ქალაქ ბჰარადპურის სიახლოვეს. ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია ფრინველთა ათასობით უიშვიათესი და საფრთხიე ქვეშ მყოფი სახეობა, მათ შორის ციმბირული წერო, რომელიც აქ ზამთრის სეზონის განმავლობაში მოფრინავს. ფრინველთა 230 სახეობისთვის კი პარკი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს. პარკი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, მას ხშირად სტუმრობენ ორნითოლოგისტები. 1971 წელს ტერიტორიას მიენიჭა ნაკრძალის სტატუსი, ხოლო 1985 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მანასის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ჰიმალაის მთისწინეთში, ინდოეთის ასამის შტატში, ბჰუტანის საზღვართან. მისი ფართობია 950 კმ². ბჰუტანის მხარეს ესაზღვრება როიალ-მანასის ეროვნული პარკი. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მაიმუნის უიშვიათესი სახეობა ლანგური და ვეფხვების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქ არსებული ვეთლენდები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გაუჩინარების პირას მყოფი ისეთი სახეობებისთვის, როგორებიცაა ეკლიანი კურდღელი და ჯუჯა ღორი. პარკში ასევე ბინადრობენ: ინდური მარტორქა, გარეული ხარი, სპილო, გაური (ინდური ბიზონი), ზოლებიანი ლეოპარდი, ჭაობის ირემი. ტემპერატურის წლიური მაჩვენებელი მერყეობს 15 °C - 37 °C -ს შორის. 1985 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, მაგრამ 1992 წელს, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა. ძველი გოა- ქალაქი ინდოეთში გოას შტატში, ადრე იყო პორტუგალიური ინდოეთის დედაქალაქი. 1985 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ფატეჰპურ-სიკრი (ჰინ. फतेहपूर सिकरी, ინგლ. Fatehpur Sikri, ურდუ: فتحپور سیکری‎‎) — ქალაქი ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში. ადრე აკბარ I-ს მმართველობის დროს 1571-1585 წლებში მოგოლთა იმპერიის დედაქალაქი იყო, შემდეგ დაკარგა დედაქალაქის სტატუსი წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო. 1986 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ჰამპი (კანად. ಹಂಪೆ) – სოფელი ინდოეთის კარნატაკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ვიჯაიანაგარის იმპერიის დედაქალაქის, ვიჯაიანაგარის ნანგრევების შიგნით, თანამედროევ ქალაქ ჰოსპეტიდან 11 კმ–ში. ტერიტორია დღეისათვის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს, აქ მდებარეობს ვირუპაკშას ტაძარი, ისევე როგორც ძველი ქალაქის სხვა მონუმენტები. იმის გამო, რომ სოფელი ძველი, ყოფილი ქალაქი ვიჯაიანაგარის ცენტრში მდებარეობს, მას ხშირად აიგივებენ აღნიშნულ დანგრეულ ქალაქთან. 1986 წელს, იუნესკომ ნანგრევები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა სახელით "ჰამპის მონუმენტთა ჯგუფი". ქაჯურაჰო (ჰინდი: खजुराहो khajurāho) — ქალაქი მადჰია-პრადეშში, ინდოეთი. ახ. წ. X საუკუნეში ქაჯურაჰოში აშენდა ინდუისტური ღვთაებათა ეროტიული გამოსახულებებით შემკული 80-მდე ტაძარი. დღესდღეობით შენარჩუნებულია დაახ. 20 მათგანი. ელეფანტის გამოქვაბულები (მარათჰ. घारापुरीची लेणी) — გამოქვაბულთა კომპლექსი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში. მდებარეობს მუმბაის უბეში, კუნძულ ელეფანტაზე, ქალაქ მუმბაიდან 10 კმ-ით აღმოსავლეთით. გამოქვაბულთა კომპლექსი შედგება ორი ჯგუფისაგან - პირველი, ინდუისტური ხუთი გამოქვაბულისგან შემგარი დიდი ჯგუფი და მეორე, ბუდისტური ორი გამოქვაბულისგან შმედგარი პატარა ჯგუფი. ინდუისტურ გამოქვაბულებში განლაგებულია ქვის ქანდაკებები, რომლებიც ღმერთ შივას სადიდებლადაა შექმნილი და ინდუიზმის ერთ-ერთ სექტას - შივაიზმს ეკუთვნის.[1][2] ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები სავარაუდოდ ახ. წ. V-VIII საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა მათი შექმნის თარიღი დღემდე საკამათოა. გამოქვაბულები ბაზალტურ კლდეშია გამოთხრილი. ერთ დროს ყველა მათგანი მოხატული ყოფილა, მაგრამ დღეს მისი მხოლოდ ნაკვალევებიღაა შემორჩენილი. კუნძულს ადგილობრივები ჩარაპურის იწოდებდნენ და წარმოადგენდა ინდუიზმისათვის წმინდა ადგილს, სანამ აქ 1534 წელს პორტუგალიელები არ მოვიდნენ. პორტუგალიელებმა კუნძულს ელეფანტა (სპილო) უწოდეს, როდესაც გიგანტური, სპილოსთავიანი ქანდაკება დაინახეს. ეს ქანდაკება ამჟამად მუმბაის უელსის პრინცის მუზეუმში ინახება. მრავალწლიანი უყურადღებობის შემდეგ, 1970-იან წლებში გამოქვაბულებს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, ხოლო უკვე 1987 წელს ისინი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ჩოლის მონასტერი – ინდუისტური ტაძარი სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მიეკუთვნება ჩოლის დინასტიის მმართველობის პერიოდს. ჩოლის მონასტრების შემადგენლობაში შედის სამი ძეგლი: ბრიჰადიშვარას ტაძარი, განგაიკონდა-ჩოლაპურამი და აირავატეშვარის ტაძარი. ბრიჰადიშვარას ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში გაწევრიანდა 1987 წელს, ხოლო დანარჩენი ორი ტაძარი 2004 წელს. პატადაკალი (კანად. ಪಟ್ಟದ್ಕಲ್ಲು) — სოფელი ინდოეთის კარნატაკის შტატში. მდებარეობს მდინარე მალაპრაბჰას სანაპიროზე, ქალაქ ბადამიდან 22 კმ–ში. ცნობილია თავისი ისტორიული ტაძრებით. ტაძრების VIII საუკუნის კომლპექსი ინდუიზმის ვერსალას სტილის არქიტექტურის ყველაზე ძველ მაგალითს წარმოადგენს. 1987 წელს ისინი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. პატადაკალი სამხრეთ ინდოეთის ჩალუკიის დინასტიის დედაქალაქს წარმოადგენდა, სადაც ტაძრების ეს კომპლექსი ახ.წ. VII-VIII საუკუნეებში აშენდა. სულ ათი ტაძარია, რომლებიც შემოსაზღვრულია მრავალი პატარა შენობითა და სალოცავებით. სუნდარბანის ეროვნული პარკი (ბენგალ. সুন্দরবন জাতীয় উদ্যান)— ეროვნული პარკი, ვეფხვების ნაკრძალი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბიოსფერული ნაკრძალი ინდოეთში. მდებარეობს სუნდარბანსის დელტაში, ბენგალის შტატში. ეს ტერიტორია მანგროს ხშირი ტყეებითაა დაფარული და ბენგალური ვეფხვების გავრცელების ერთ-ერთ უდიდეს არეალს წარმოადგენს. ასევე გავრცელებულია მრავალი სახეობის ფრინველი, რეპტილია და უხერხემლო, ასევე მლაშე წყლის ნიანგი. 1991 წელს, ეს ტერიტორია აღწერეს როგორც უკაცრიელი ქვეყანა, რომელიც მანამდე არავის ენახა. იმ დროსიათვის იგი მოიცავდა 16 902 კმ²-ს და გადაჭიმული იყო 266 კმ სიგრძეზე. დღევანდელი ეროვნული პარკი 1977 წელს ველური ბუნების ნაკრძალად გამოცხადდა, 1984 ეროვნულ პარკად, 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, ხოლო 1989 წელს ბიოსფერულ ნაკრძალად. ნანდა-დევის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში. მდებარეობს მწვერვალ ნანდა-დევის (7 817 მ) გარშემო, ზღვის დონიდან 3 500 მეტრზე. მისი ფართობი შეადგენს 630.33 კმ²-ს. პარკი შეიქმნა 1982 წელს, ხოლო 1988 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პარკი გარს ერტყმის ნანდა-დევის ნაკრძალს, მყინვარულ აუზს, რომელიც მოიცავს 6.000 მეტრზე მეტი სიმაღლის მწვერვალების მასივს. იუნესკოს სიაში შესულია მსი ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ყვავილების ხეობის ეროვნულ პარკთან ერთად, რომელიც ამ სიას 2005 წელს დაემატა. პარკის ტერიტორია დაუსახლებელია. ნაკრძალში დაცულია ლურჯი ცხვარი, თოვლის ლეოპარდი, შავი დათვი და ფრინველის ზოგიერთი სახეობა. ალპურ ზონაში გავრცელებულია მცენარეთა ენდემური სახეობები. პარკის მეორე ნაწილი გამოირჩევა მყინვარებით. სანჩი - სოფელი ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში, შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბჰოპალიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 46 კმ-ზე, სადაც დაცულია ბუდიზმამდელი არქიტექტურის ცნობილი კომპლექსი - მონასტრები, ტაძრები, სტუპები. სანჩის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მსოფლიოში პირველი სტუპა. იგი ააშენეს იმპერატორ აშოკას ბრძანებით ძვ. წ. III საუკუნეში. 1989 წელს მთელი კომპლექსი შეიყვანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ჰუმაუნის აკლდამა (ჰინდ. हुमायूँ का मक़बरा) — მოგოლთა იმპერატორის, ჰუმაუნის მავზოლეუმი ინდოეთის დედაქალაქ დელიში, რომელიც მისმა ცოლმა ააგებინა. მშენებლობა 1562 წელს დაიწყო და 8 წელს გასტანა. ნაგებობის არქიტექორი იყო სპარსი მირაკ მირზა. მავზოლეუმი ინდოეთის სუბკონტინეტნზე აშენებულ პირველ ბაღ–აკლდამას წარმოადგენს, ასევე პირველი ნაგებობაა ამ რეგიონში, რომელიც ქვიშაქვითაა მოპირკეთებული. განიცდის სამარყანდის თემურ ლენგის მავზოელუმის სტილის ძლიერ გავლენას. 1993 წელს, იუნესკომ ჰუმაუნის მავზოლეუმი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. კუტბ-მინარი, კუტუბ-მინარი, კუტაბ-მინარი (ჰინ. क़ुतुब मीनार) – მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთი. აშენებულია დელის სასულთნოს მმართველების რამდენიმე თაობის მიერ. მინარეთის სიმაღლეა 72,6 მეტრი და წარმოადგენს შუა საუკუნეების ინდურ-ისლამური არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს. 1993 წელს კუტბ-მინარი შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ინდოეთის მთის რკინიგზა — ასე ეწოდება ინდოეთის მთებში გამავალ ხუთ სარკინიგზო ხაზს, რომელიც ამ ქვეყანაში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დროს აიგო და დღემდე მოქმედებს. შედგება სამი ნაწილისგან: დარჯილინგ-ჰიმალაის რკინიგზა, ნილგირის სამთო რიკინიგზა, კალკა-შიმლას რკინიგზა. იუნესკომ აღნიშნული ხაზები ცალ-ცალკე, 1999, 2005 და 2008 წლებში შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „შესანიშნავი მაგალითი მთიან რეგიონში პრობლემის მოგვარების ტექნოლოგიურად გადაწყვეტისა“. მაჰაბოდჰი (महाबोधि मंदिर) — ბუდისტური ტაძარი ბოდჰ-გაიაში, იქ, სადაც სიდჰართა გაუტამამ მიაღწია გაბრწყინებას და გახდა ბუდა. ბოდჰ-გაია მდებარეობს ინდოეთის ბიჰარის შტატის დედაქალაქ პანტიდან 96 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი ასევე მოიცავს ბოდჰის წმინდა ხეებს, რომლების ქვეშაც გაბრწყინდა ბუდა. ბუდას სიკვდილიდან 250 წლის შემდეგ, ბოდჰ-გაისა სწვევია მეფე აშოკა, რომელმაც აქ მაჰაბოდჰის მონასტერი დააფუძნა, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის I საუკუნეში, ქუშანის იმპერიის დროს აიგო. ინდოეთში ბუდიზმის დაკნინების პერიოდში, ტაძარი მივიწყებულ იქნა და მტვრისა და ნაგვის სქელი ფენით დაიფარა. XIX საუკუნეში, ბრიტანეთის კოლონიური რეჟიმისას, ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარა ბრიტანეთის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ, რის შედეგადაც, მან პირვანდელი ფორმა დაიბრუნა. 2002 წელს, იუნესკომ კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბჰიმბეტკა – არქეოლოგიური ადგილი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. ბჰიმბეტკის გამოქვაბულებში დადასტურებულია ინდოეთში ადამიანის ცხოვრების ყველაზე ადრეული ნაკვალევი. ანალიზის შედეგად ამ თავშესაფარში ადამიანი ცხოვრობდა დაახლოებით 100 000 წლის წინ. ჩამპანერ-პავაგადჰი – არქეოლოგიური პარკი ინდოეთში, გუჯარათის შტატში. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მაჰმადიანთა ქალაქი, რომელიც არ შეცვლილა მოგოლთა იმპერიის დროიდან. ეს ერთადერთი მსგავსი ობიექტია ინდოეთის ტერიტორიაზე, რომელმაც დღემდე მოაღწია. უნიკალური არქეოლოგიური ობიექტების კონცენტრაციის გამო (100-ზე მეტი ძეგლი) 2004 წელს ობიექტი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ჩჰატრაპატი შივაჯი (მარათ. छत्रपती शिवाजी टर्मिनस) ან ვიქტორიას სადგური[1] — ისტორიული სარკინიგზო სადგური ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ცენტრალური რკინიგზის მთავარ შტაბს. იგი ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სადგურია. სადგურის გეგმა 1887-1888 წლებში არქიტექტორმა ფრედერიკ უილიამ სტივენსმა შეადგინა. ამ სამუშაოში გასამრჯელოს სახით მან 35,830.8 აშშ დოლარი მიიღო.[2] საბოლოო გეგმა გარკვეულწილად დაემსგავსა ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურს. სადგურის მშენებლობამ ათ წელს გასტანა[3] და დასრულებისას, მას ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას საპატივსაცემოდ „ვიქტორიას სადგური" ეწოდა. 1996 წელს, ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა სადგურს სახელი შეუცვალა და ჩჰატრაპატი შივაჯი უწოდა. 2008 წლის 26 ნოემბერს, ორმა ტერორისტმა სადგურის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი განახორციელა, რასაც 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2004 წელს, იუნესკომ სადგური მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. წითელი ფორტი (ჰინ. लाल किला; «ლალ-კილა») — დელის, მოგოლების დიადი ეპოქის დროინდელი, ისტორიული ციტადელი. მშენებლობა დაიწყო შაჰ ჯახანის მიერ 1639 წლის 16 აპრილს. რომელმაც შაჰჯახანაბადში გადმოიტანა დედაქალაქი აგრიდან. მშენებლობა 1648 წელს დასრულდა, იმავე დრეს - 16 აპრილს პერიმეტრი შემოსაზღვრულია წითელი კედლით, რამაც განაპირობა ფორტის დასახელება, რომლის სიგრძეც 2500 მეტრია. კედლის სიმაღლე მერყეობს 16 მეტრამდე მდინარე იამუნას მხრიდან, ქალაქის მხრიდან კი 33 მეტრამდე. 1783 ციხესიმაგრეს დაეუფლნენ სიქები, 1857 წელს კი — სიპაები. ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის პრემიერ მინისტრი ციხესიმაგრის კედლებში კითხულობს მიმართვას ერისადმი. ჯანტარ-მანტარი — ობსერვატორია ინდოეთში. აგებულია 1727–1734 წლებში, რაჯასტანის რაჯას ჯაი სინგჰ II-ის მიერ ახლადდაარსებულ ქალაქ ჯაიპურში. ობსერვატორია ყველაზე დიდია მის მიერ აგებულ და დღემდე შემონახულ ობსერვატორიებს შორის. 1948 წელს ჯანტარ-მანტარი გამოცხადდა ეროვნულ ძეგლად, ხოლო 2010 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
დემოგრაფია მოსახლეობა: 1.049.700 ათასი (2003), მათ შორის 27,7% - ჰინდუსტანელები, 10,5% - ბიჰარელები, 9,1% - ბენგალები, 8,4% - ტელუგები, 7,6% - მარატჰები, 6,9% - ტამილები, 5,2% - გუჯარათელები. ენები: ჰინდი (მასზე ლაპარაკობს 40%), ბენგალური, ტელუგუ, მარათული, თამილური, ურდუ, გუჯარათული, მალაიალამი, კანადა, ორია, პენჯაბური, ასამური, კაშმირული, სინდური, სანსკრიტული. კონსტიტუციით ინგლისური გამოცხადებულია დროებით ოფიციალურ ენად (1%). რელიგია: ინდუიზმი 83%, ისლამი 11%, ქრისტიანობა 2,6%, სიქიზმი 1,9%, ბუდიზმი 0,7%. ქალაქები (ათ.) : დელი (დილლი, 10.204; აგლომ. 17.038), კალკუტა (კოლკატა, 4.760; აგლომ. 14.090), ბომბეი (მუმბაი, 12.383 |17.012 ათასი), მადრასი (ჩენაი, 4.382; აგლომ. 6.677 ათასი), ბენგალორი (ბანგალურუ, 4.461; აგლომ. 5.910), აჰმადაბადი (3.654; აგლომ. 4.876), ჰაიდარაბადი (3.585; აგლომ. 5.751), პუნა (2.640; აგლომ. 3.903). ეკონომიკა 1990-იანი წლებიდან ინდოეთის ეკონომიკა აქ დაწყებული რეფორმების გამო უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის ქვეყანამ სერიოზული ნახტომი გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. აღსანიშნავია ტრადიციული კინოინდუსტრია. ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 357 მლრდ $ (მე-15 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 370 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 28, მრეწველობა 29, მომსახურება 43. ექსპორტი: ძვირფასეულობა და საიუველირო ნაწარმი, ტანსაცმელი, ბამბა, ჩაი. ბიუჯეტი: 48,300 მლნ $. ვალუტა: ინდური რუპია (INR).
სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი - პრატიბა პატილი (2007). მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი - მოჰამედ ჰამიდ ანსარი. საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი, შედგება შტატების საბჭოსაგან (რაჯია საბჰა, 250 ადგილი) და სახალხო პალატისაგან (ლოკ საბჰა, 545 ადგილი). პარტიები: ინდოეთის ეროვნული კონგრესი (დაარსებულია 1885 წელს მ.განდისა და ჯ.ნერუს მიერ, ლიდერები - ინდირა განდი 1966-84, რაჯივ განდი 1984-91, ამჟამად სონია განდი), ბჰარატია ჯანატა პარტი (ლიდერი ა.ბ.ვაჯპაი). ადმინისტრაციული დაყოფა ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 შტატი (state) და 7 მოკავშირე ტერიტორია (union territory). ანდამანის და ნიკობარის კუნძულები – ანდჰრა-პრადეში – არუნაჩალ-პრადეში – ასამი – ბენგალი – ბიჰარი – დადრა და ნაგარ-ჰაველი - დამანი და დიუ – დელი – გოა – გუჯარათი – კარნატაკა – კერალა – ლაქშადვიპი – მადჰია-პრადეში – მაჰარაშტრა – მანიპური – მეგჰალაია – მიზორამი – ნაგალენდი – ორისა – პენჯაბი – პონდიშერი – რაჯასტანი – სიკიმი – ტამილნადუ – ტრიპურა – უტარ-პრადეში – უტარანჩალი – ჩანდიგარჰი – ჩხატისგარჰი – ჯამუ და ქაშმირი – ჯარხანდი – ჰარიანა – ჰიმაჩალ-პრადეში
გეოგრაფია ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში. ფართობი: 3.287.263 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 5.686 კმ; სახმელეთო - 15.168 კმ. ბუნება: გეოგრაფიული რაიონები – ჰიმალაები, ინდო-განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი. მთიანი სისტემები – ჰიმალაები, ყარაყორუმი, ვინდბია, არავალი. უმაღლესი მწვერვალები (მ) – კანჩეჯანღა 8.598, ნანდა დევი 7.817; მთავარი მდინარეები (კმ) – ბრაჰმაპუტრა 2.900, განგი 2.125 (სულ 2.510), გოდავარი 1.465, იამუნა (ჯამნა) 1.400, კრიშნა 1.400, ნარმადა 1.310; უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ჰირაკუდი 1.100; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ანდამანის კ-ბი 6.408 (დიდი ანდამანი 1.536), ნიკობარის კ-ბი 1.841 (დიდი ნიკობარი 1.045), ლაქშადვიპი 32; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი. ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ისტორია მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნა ”ბაპუ” - “ერის მამა“, მაჰატმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971 წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და კაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.
ინდოეთი (ჰინდი: भारत bhārat, हिन्दुस्तान - ჰინდუსტან) — მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ორ საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა. ოფიციალური: ინდოეთის რესპუბლიკა. ჰინდი: Bharat Ganarajya; ინგლ. - Republic of India. ეტიმოლოგია: მისი სახელწოდება ჰინდის ენაზე არის „ბჰარატ“. იგი მომდინარეობს არიელთა ძველინდური ტომის ბჰარატასაგან, რომელთაც ძვ.წ. VI საუკუნეში მძლავრი სახელმწიფო შექმნეს. ევროპულ ენებზე მისი სახელი მდინარე ინდიდან მომდინარეობს (სანსკრიტულად Sindhu ). ქვეყნის კოდი: IN. ინდოეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი